გედევან ფოფხაძე: საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მშობლის გარეშე მოვედი

გედევან ფოფხაძე, რომელიც მმართველი გუნდის დატოვებას გეგმავს, ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მშობლის გარეშე მივიდა. კითხვაზე, შერიგდება თუ არა თანაპარტიელებთან დღეს, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ “საჩხუბარი არავისთან აქვს”.

“ვაპირებ, შევიდე და მოვისმინო პოზიცია. რაც ვთქვი, ერთ-ერთი პრინციპული თემაა, რომ სასამართლოზე უნდა იყოს საჯარო განხილვები და უნდა მქონდეს საშუალება, თქვენთან მოვიდე და ჩემი პოზიცია ვაფიქსირო და ეს არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია, არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა. სკოლაში ხომ არა ვართ, რა დისციპლინაზეა საუბარი? თუ დისციპლინა გვინდა, მაშინ შიდაპარტიული დემოკრატიის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რომელიც არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, გვექნება იმის საშუალება, რომ საჯარო სივრცეში ამომწურავად ვისაუბროთ”,განაცხადა ფოფხაძემ.