“თუ მოსამართლეთა ეს სია დამტკიცდა, ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ და არაადეკვატური გავხდები, აი რაში გამოიხატება ეს მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება, გამოიხატოს, შეიძლება ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე”, თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერში”.
დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის სამი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს.