“მე არაფერი დასამალი არ მაქვს, არც დიპლომი” – გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მისი დიპლომის ირგვლივ არსებულ შეკითხვებს ეხმაურება. მისი მტკიცებით, დიპლომთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები არ არსებობს.
“კურიერის” ინფორმაციით კი, შალვა თადუმაძის დიპლომში გარკვეული უზუსტობებია. დიპლომის მიხედვით, თადუმაძეს დამთავრებული აქვს “თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი”.
“რუსთავი 2-ის” მიერ მოპოვებულ დოკუმენტში გარკვეული უზუსტობებია წლებთან დაკავშირებით. ნიშნების ფურცელში მითითებულია, რომ 1993-1998 წლებში ამ ინსტიტუტში სწავლობდა შალვა თადუმაძე, თუმცა ოფიციალურად ინსტიტუტი დაარსებულია და ლიცენზია მიღებული აქვს 1994 წელს. თადუმაძე ამბობს, რომ მის მიერ დამთავრებულ უნივერსიტეტს ჩაბარების დროს ლიცენზია ჰქონდა.
ნიშნების ფურცლის მიხედვით, შალვა თადუმაძეს სახელმწიფო და სამართლის ზოგად ისტორიაში სამიანი (დამაკმაყოფილებელი) გამოჰყვა. ამ საკითხზე ვრცელი კომენტარი მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა არ ისურვა.
„ეს ჰკითხეთ განათლების სამინისტროს, რადგან ჩავაბარე ე.ი. ჰქონდა სტატუსი, მაქვს ინფორმაცია, არის დიპლომი და არ ვაპირებ წლების და რაღაცების თარგმნას. მით უმეტეს, არ ვიცი რაზე საუბრობთ”-განაცხადა თადუმაძემ.