გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა სავარაუდოდ შეკვეთილი იყო. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა კარლსრუეში დღეს განაცხადა, რომ გამოძიება ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ინტენსიურად მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით არ არის გამორიცხული მკვლელობის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იდგეს. გერმანული მედიის ინფორმცაიით ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურში მიიჩნევენ, რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი აქვს და ის შეკვეთილია. მკვლელობიდან მალევე გერმანელმა სამართალდამცავებმა მკვლელი – რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც გერმანიაში მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა და მკვლელობის შემდეგ ქვეყნის დატოვებას აპირებდა. გამოძიების ინფორმაციით ნაპოვნია მკვლელობის იარაღიც. ეს არის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღი. მკვლელი დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ბერლინერ კურიერის ინფორმაციით ხანგოშვილის მკვლელი წარმოშობით ჩეჩენია.
გერმანული მედია ხანგოშვილის მკვლელობასა და 2012 წელს საქართველოში ჩატარებული ლაფანყურის სპეცოპერაციის კავშირზეც წერს.
ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს ლოპოტას ხეობაში დაბანაკებული ისლამისტებისა და საქართველოს შს სამინისტროს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ხანგოშვილი გერმანიაში საცხოვრებლად 2015 წელს, მას შემდეგ გადავიდა, რაც საქართველოში მასზე თავდასხმა მოხდა და ის დაიჭრა. თავდაპირველად ის ბრანდენბურგში ცხოვრობდა, 2017 წელს კი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.