“ღარიბაშვილმა 15 წუთში დაფქვა,მე არ ვიყავი,კალაძე იყოო“ — ვინ ესროლა ოქრუაშვილს 2016 წელს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ  2016 წელს მას ქართული ოცნების მაღალჩინოსნების დავალებით ესროლეს. როგორც მან გადაცემა რეაქციაში განაცხადა, სროლა სწორედ იმ დოკუმენტს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც ის რუსთავი 2-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს.

“2016 წელს, როდესაც მომთხოვეს ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა პრეტენზიებზე, თქვენ გგონიათ ვიღაც ხამსამ მესროლა? ღარიბაშვილს შევუთვალე, შენ იდექი ამის უკან მეთქი და 15 წუთში დაფქვა მე არ ვიყავი კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის მიცემაზე რომ უარი ვუთხარი, ამის მერე მესროლეს. მათ მშვენივრად იცოდნენ რომ ეს  არის ნამდვილი. გგონიათ, ეს დოკუმენტი რვა თვე სამხარაულში რომ დევს ექსპერტიზაზე, ივანიშვილს გარკვეული არ აქვს ნამდვილია თუ არა?” — განაცხადა ოქრუაშვილმა.

2016 წელს გორში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. იმ პერიოდში კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრი იყო, ირაკლი ღარიბაშვილი კი არცერთ თანამდებობას აღარ იკავებდა. 

ოქრუაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან სწორედ ამ პერიოდში  ესროლეს. მაშინ თავდასხმის შედეგად ოქრუაშვილის თანმხლები ორი პირი დაიჭრა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. სროლაში მმართველი პარტია ქართული ოცნება დაადანაშაულა.

გამოძიების დაწყებიდან ორ დღეში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. მას  17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.