ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ღვინო, რომელიც ზიარებისას გამოიყენება, ანტისეპტიკური და ბაქტერიებისგან თავისუფალია- ქრისტეს სისხლია და ,,წვავს და განწმენდს ყველაფერს”.
,,ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს არის პრინციპულად არასწორი. იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, გვჯერა, რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს ყველანაირ ავადმყოფობას”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
მეუფე მრევლს მოუწოდებს, საღამოს ნაკურთხი წყალი აპკურონ სახლში და კორონავირუსი არ მიეკარებათ.
,,პანიკის ატეხვა არაა სწორი. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა: დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის ფერი ძაღლიო. მგელი არის ეს კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე თვითონ კორონავირუსი, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას. პატრიარქმა ასეთი რამ თქვა, ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში, რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა? გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი”,- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.