სამების ტაძარში მირქმის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს კათოლიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ მირქმა მიულოცა და საქართველოში კორონავირუსის არგავრცელება ღვთისმშობლის წილხვედრობით ახსნა.
„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.
საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, ინფიცირებული კი 65 ათასამდეა.