ღვთისმშობლის წილხვდომილობის ლექციაზე წალკელი პედაგოგებიც წაიყვანეს,მათ შორის მუსლიმებიც

წალკის საჯარო სკოლის პედაგოგი სოციალურ ქსელში აღშფოთებულ სტატუსს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის შესახებ ლექციაზე პარასკევს იმერელი პედაგოგების მსგავსად წალკელი პედაგოგებიც წაიყვანეს, რომელთა დიდი ნაწილი მუსლიმია. პედაგოგმა ლექციის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
სოციალურ ქსელში სანათა ოჩიაურად დარეგისტრირებული ქალი წერს:
“დღეს წალკის რაიონიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო – ,,სამინისტროს დავალებაა” ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიური, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80 %, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე.
განათლების სამინისტროს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ იყო სავალდებულო და აუცილებელი, რომ 100 კილომეტრი გამოგვევლო იმისთვის,რათა ვიღაც თეოლოგისთვის გვესმინა, მისი წიგნების პრეზენტაციას დავსწრებოდით და სკოლაში 5 გაკვეთილი გამეცდინა ბავშვებისთვის? რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არცერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან.“
წალკელი პედაგოგების მსგავსად ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის შესახებ ლექციაზე პარასკევს იმერეთის სხვადასხვა სოფლების პედაგოგები ქუთაისში წაიყვანეს. მათ უთხრეს, რომ ეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება იყო, თუმცა განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მისი პროექტი არ არის.

სანათა ოჩიაურის სტატუსზე სხვადასხვა პედაგოგების კომენტარები გამოჩნდა საქართველოს რეგიონებიდან. როგორც ირკვევა, პედაგოგები ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებულ ლექციებზე სხვადასხვა კუთხიდან დაჰყავთ, თანაც მათი დიდი ნაწილი მოტყუებით, ისე, რომ არ აქვთ ინფორმაცია სად მიდიან და რატომ.