გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქ დებატებში იწვევს

“ევრორპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქ დისკუსიას სთავაზობს. მიზეზი სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია საერთაშორისო ინსტიტუტების უკრაინასთან და საქათრველოსთან დამოკიდებულების შესახებ. უგულავა თვლის, რომ სააკაშვილის განცხადებები რეალობის არასწორი ინტერპრეტაციაა.

“ძალიან ბევრი საკამათო თეზისია გამოთქმული ბატონი მიხეილის მიერ, მეტიც – იძლევა ისეთი ინტერპრეტაციების შესაძლებმობებს, რომ საზიანოც შეიძლება იყოს უკრაინისა და საქართველოსთვის. ევროკავშირისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ბიუროკრატიზმი, ხშირად არის ხოლმე შემაფერხებელი ფაქტორი სწრაფი განვითარებისთვის, როცა ქვეყანაში რეფორმისტული მთავრობაა, მაგრამ მტკიცება იმისა რომ მათ მხოლოდ “გარკვეულ ჩარჩოებში” სურთ ჩვენი განვითარება ფუნდამენტურად არასწორია. მარტივი ლოგიკაა – ყველას აწყობს მეზობლად ჰყავდეს არააგრესიული და განვითარებული მეზობელი, რადგან ეს ორმხრივი სარგებლობის მომტანია.

“ევროპას ჩვენი მუშა ხელი უნდა მხოლოდ” – მცდარია. თუ რამეზეა დღეს ევროპაში კამათი, ეს მიგრანტების თემაა. ბრექსითის ერთ ერთი განმაპირობებელი მიზეზიც პოლონელი მუშა ხელის “სიმრავლე” იყო. 21-ე საუკუნეში ევროპის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე უკიდურესი მემარცხენეებიც კი აღარ საუბრობენ (ამერიკისგან განსხვავებით. აქაც ცხადია დაუმსახურებლად), რადგან ასეთი დიდი ხანია აღარ არსებობს. ის რაც ჩვენ ცალსახად არ მოგვწონს, გვაღიზიანებს – ეს ევროკავშირის ბიუროკრატიზმია, ოღონდ ამას “კოლონიალიზმი” არ ქვია. რუსეთის კონტექსტში, ან რუსეთთან რაიმე ტიპის ბმაში ევროპასთან ამ ტერმინის ხმარება კი ფუნდამენტურად არასწორია, რადგან საუბრის კონტექსტის მიღმა, ის შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს ტოლობის ნიშანია დასმული.

მოკლედ, ილიას თეზისის “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” აბსოლუტურად არაწორი ინტერპრეტაციაა.
ბატონო მიხეილ, მოდით, რადგან ჩვენი გამონათქვამები ხშირად საკამათოა, მინდა შემოგთავაზოთ თქვენ და ენმ-ს, გვქონდეს ღია ფეისბუქდისკუსია ამგვარ მნიშვნელოვან თემებზე. ამით ვანახებთ ჩვენს საზოგადოებას სად ემთხვევა ჩვენი პოზიციები, სად განსხვავდება. მოვახერხოთ ეს, ქოცებისგან განსხვავებით, საქმიანად, ემოციის გარეშე და ურთიერთპატივისცემით. ამით ვანახოთ მაგალითი, რომ თუნდაც ფუნდამენტურად განსხავებული პოზიციების შემთხვევაში, შეგვიძლია დიალოგი, რაც მნიშვნელოვანია საერთო მიზნის – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების – მისაღწევად. მარტივად, ასე უფრო დაგვიჯერებს ხალხი.“– წერს გიგი უგულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის რეფორმები საზღვარგარეთისთვის არ უნდა ჩატარდეს.

“აი, დღეს ვუყურებ, მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც დღეს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა უმტკიცებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ ის მათ დაელაპარაკება. არაა საჭირო არავისთან მოლაპარაკება. უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა გითხრათ რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა ” – თქვა სააკაშვილმა.