გიორგი ანდრიაძე გირჩის რელიგიური ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ანდრიაძე გირჩის რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ანდრიაძემ დღეს  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანდრიაძემ განაცხადა, რომ ბიბლიური თავისუფლება უკანონოდ შეიქმნა. 

რაც შეეხება მის მიერ შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციას, ის ამბობს, რომ ის ადრეც არსებობდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც მოიპოვება.

“როდესაც გირჩის რელიგიური ორგანიზაცია გაუქმდება, ჩვენც შევწყვეტთ ჯარში გაწვევის თავის ასარიდებლად რეგისტრაციას. კატაკომბური ორგანიზაცია იარსებებს და მას სხვა მიზნებიც აქვს”, — განაცხადა ანდრიაძემ.

პირველ აპრილს გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, რომ გირჩის ალტერნატივად მართლმადიდებლური კატაკომბური  ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ახალგაზრდებს ჯარისგან გაათავისუფლებს. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია თურქეთში არსებულ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას წარმოადგენს, რომელიც თავისი მრწამსით მართლმადიდებლური ორგანიზაციაა.