ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებულ საქმეზე ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბარამიძეს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ.
გიორგი ბარამიძე სასამართლოში ადვოკატის გარეშე, თანაგუნდელებთან ერთად მივიდა.
გამოძიება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, 20 ივნისის გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამ ეტაპზე მოწმის სტატუსით იკითხება.
ბარამიძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებს შორის პროვოკატორები იმყოფებოდნენ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. გიორგი ბარამიძის თქმით, სწორედ აღნიშნულმა ჯგუფმა გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას.
„იქ იყო საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, სადღაც 15-20 კაციანი ახალგაზრდებისა, გაურკვეველი აბსოლუტურად, ნიღბიანებისა, რომლებიც როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა პოლიტიკურ ლიდერებთან და შემდეგ საზოგადოებასთან, წავიდეთ თუ არა მოსალაპარაკებლად, ისინი ყველაზე აგრესიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას და შემდეგ ერთ-ერთი მოწინავეები იყვნენ, ვინც პოლიციასთან ჯაჯგური დაიწყო.
ბუნებრივია, ამ პროკურატურის და შსს-ს მიმართ, რომელიც იქცა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურად, ისევე, როგორიც ივანიშვილის ჯიბის შინაგან საქმეთა სამინისტროდ და ასევე ეს სასამართლოც ჯიბის არის, მაგრამ აქ უპირატესობა ის არის, რომ ცოტა მეტი საჯაროობაა და საზოგადოებას უფრო მეტი საშუალება აქვს, ნახოს, რა კითხვებს გვისვამენ და ასევე ისიც, რა კითხვებს ვპასუხობთ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.