დოხტურიშვილი „ნაცმოძრაობის” წევრი იყო და 2012 წლის არჩევნებზე 5-ნომრიან პლაკატს ხელიდან ვერ გააგდებინებდით, დღეს კი „ოცნების” და კუხიანიძის დამცველია-ხაბეიშვილი

“გიორგი დოხტურიშვილი მედროვეობის კლასიკური მაგალითია. კაცი, რომელიც იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი 2012 წლის არჩევნების დროს და 5- ნომრიან პლაკატს ხელიდან ვერ გააგდებინებდით, დღეს „ქართული ოცნების” და მინი გავრილოვის, ერეკლე კუხიანიძის პირადი დამცველია”, -ეს განცხადება  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. 

„სამწუხარო რეალობაა შემდეგი: კაცი, რომელმაც თქვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა ვაღიაროთო, ოკუპანტს ოკუპანტი არ უნდა დავუძახოთო, ჩვენს ტყვე მოქალაქეს წიხლი მიაყოლა და შეაგინა, ეს კაცი ახლა კომფორტულად, თბილად მობრძანდება და გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მუშაობას ისევ აგრძელებს. ყველაზე ცუდი ამ ამბავში ისაა, რომ მთელი „ქართული ოცნება” საკრებულოს თავმჯდომარიდან დაწყებყებული, დეპუტატებით გაგრძელებული ამ ადამიანს არიან გადაფარებულნი. ნაცვლად იმისა, რომ პროტესტის ნიშნად გარემოს დაცვის კომისია გადაგვედო, ან ამ კაცისთვის მოეწოდებინათ, რომ სხდომა და მანდატი დაეტოვებინა, მეტიც, ისინი მზად არიან ბატონი კუხიანიძე ფიზიკურად დაიცვან”,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომაზე ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი დოხტურიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  დაპირისპირება სხდოამზე ერეკლე კუხიანიძის გამოჩენამ გამოიწვია. ხაბეიშვილი მოითხოვდა, რომ მას სხდომა დაეტოვებინა.