საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგება.
გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for Europe”.
მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – “Uniting Europe” მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას – „Cool Kids on Blockchain“, რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.