გახარია: ბანკებთან შეხვედრაზე გადაწყდა,რომ მოქალაქეები 3 თვით გათავისუფლდებიან სესხის მომსახურებისგან, კომპანიებისთვის სესხების რესტრუქტურიზაციას უზრუნველვყოფთ

“ყველასთვის ნათელია, რომ ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე გლობალურად იქნება საკმაოდ დიდი და მთავრობა სრულად უნდა იყოს მზად, რომ ეკონომიკას და ბიზნესს მიეხმაროს, რათა შერბილდეს დარტყმა ეკონომიკაზე, ნეგატიური ზეგავლენები იყოს პროგნოზირებადი და მათზე რეაქცია იყოს დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პირველი დარტყმა მიადგება ტურიზმს – კომერციული სექტორის იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი „დრაივერი“.

„ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად მივეხმაროთ სექტორს, რომ მათ დარჩეთ ფინანსური რესურსი, რათა შეძლონ როგორც მიღწევების – სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ასევე მოემსახურონ იმ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელიც მათ გააჩნიათ. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მსგავს კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის, ობიექტური საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი გარანტირებულად უზრუნველყოფს სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში.

„მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში ჩვენ დავტოვებთ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, გუშინ საბანკო სექტორთან, ყველაზე მსხვილ ბანკებთან შეხვედრისას, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ფიზიკური პირები, აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან სასესხო მომსახურების ვალდებულებისგან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.