გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს “ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის”მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით საუბრობს და ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტთან თანამშრომლობის პერიოდს იხსენებს. კვირიკაშვილის განცხადებით, განსხვავებულ პოზიციებს ხელი არ შეუშლია, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ მხარეებს ეთანამშრომლათ.

“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში”,-დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია”, თქვა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ამჟამად საქმიანობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში მრჩევლის პოზიციაზე განაგრძობს.

სად განაგრძობს საქმიქნობას ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, უცნობია. გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ შეუწყდება. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქციაც, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. შედეგები ასევე გამოირჩა იმით, რომ ქვეყანაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.