მოქმედ თანამდებობის პირებთან ერთად ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 31 იანვარს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც შეავსო.
ყოფილი პრემიერის დეკლარაციაში მითითებულია:
217 კვ. მ. საცხოვრებელი სახლი თბილისში სხვიტარიძის ქუჩაზე, რომელის შეძენის თარიღად 2006 წელია მითითებული, ფასი კი 80 000 ლარი აგრეთვე 433 კვადრატული მიწა ამავე მისამართზე, რომელიც სახლთან ერთად შეიძინა.
აგარაკი სოფელ ქვეშეთში – 243 კვ. მ. აშენების წელი – 2010, ღირებულება 100 000 ლარი.ასევე მიწა 3475 კვ.მ. მიწა ქვეშეთში. ეს ის აგარიაკია, რომელიც რუსთავი2 –ის მიერ ჩინოვნიკების სახლების შესახებ მომზადებულ სიუჟეტში მოხვდა და რომელიც უფრო მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე მითითებული თანხაა.
დეკლარაციაში მითითებულია კახეთის გზატკეცილზე მდებარე 34 კვ. მ.–იანი ბინა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა 2005 წელს 10 000 ლარად შეიძინა.
სხვა უძრავი ქონება ექსპრემიერის დეკლარაციაში არ ჩანს.
გიორგი კვირიკაშვილის სახელფასო ანგარიშზე ბანკ ქართუში 4991 ლარია. საკრედიტო ანგარიშზე კი მინუს 8999 ლარი, 5000 ევრო და 8435 დოლარი.
გიორგი კვირიკაშვილმა ამ ბანკში 2015 წელს 15 წლის ვადით იპოთეკური სესხი – 173 500 დოლარი აიღო. 2018 წელს სესხის დასაფარად მან ბანკ ქართუში 19 735 დოლარი გადაიხადა.
გიორგი კვირიკაშვილს მითითებული აქვს 2018 წლის შემოსავლებიც. მან პრემიერის პოსტზე მუშაობისთვის – 2018 წლის იანვრიდან 13 ივნისამდე 23 882 ლარი აიღო.
კვირიკაშვილს მითითებული აქვს შემოსავალიც, რომელიც მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საერთაშორისო მრჩევლის პოსტზე მუშაობიდან მიიღო. მუშაობის დაწყების თარიღად 2018 წლის 6 სექტემბერია მითითებული. ამ მომენტიდან წლის ბოლომდე კი შემოსავალი 29 888 ევრო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის თვიური ანაზღაურება ახალ სამსახურში თვეში დაახლოებით 7500 ევროა.
დეკლარაციის მიხედვით სხვა შემოსავალი გიორგი კვირიკაშვილს 2018 წელს არ მიუღია.