“დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად” – ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატიცო ჯგუფი პატრიარქს მიმართავს. ადვოკატები ილია მეორეს დეკანოზის შეწყალებისთვის სალომე ზურაბიშვილთან შუამდგომლობას სთხოვენ.
მიმართვაში, რომლის ადრესატიც პატრიარქია, უფლებადამცველები ყურადღებას დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ გიორგი მამალაძის საავადმყოფოდან საპყრობილეში დაბრუნება შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც მამა გიორგი მამალაძე ამ დრომდე ინსულტის დიაგნოზით მკურნალობს, ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არასწორად ასაჯაროებენ და მსჯავრდებული სასულიერო პირის მდგომერეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ექიმები საუბრობენ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი სკანდალური განცხადებით ეხმაურება. მეუფე დანიელი ამბობს, რომ მამალაძის შეწყალება ქვეყნის წინა პრეზიდენტს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო ყოფილა, თუმცა შეწყალების უფლება გიორგი მარგველაშვილს ხელისუფლებამ არ მისცა.














