შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
დაკავებული 29 წლის მამაკაცია, რომელმაც მინისტრის აგარაკზე უკანონოდ შეაღწი და სხვადასხვა ნივთი მოიპარა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.უ. დააკავეს.სასჯელი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.უ. მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მინისტრის აგარაკის ძარცვის ფაქტზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, თუმცა ქობულიამ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება “პირად ცხოვრებაში”ჩაურევლობის მოტივით არ ისურვა.