თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე.
“ბიძინა ივანიშვილის მონები ხართ”, – გაისმა სასამართლო დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ გიორგი რურუას ადვოკატის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “მთავარ არხს” სასამართლოს სხდომის ტრანსლირების უფლება მისცა.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 18 ნოემბერს დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.