“გირჩი” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთავაზობს, საპატრიარქოს შეამოწმოს.პოლიტიკურ ორგანიზაცია “გირჩში” ამბობენ, რომ თუ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტი ჩაუტარდება და უწყება ამ საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს, “გირჩი” აუდიტს შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს.
“გირჩის” ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიისგან ითხოვს:
საარჩევნოდ უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი;
3 კვირაში ერთხელ აუდიტის სამსახურს უნდა გაუგზავნონ ფინანსური ანგარიშები;
საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიში უნდა წარადგინონ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად;
“ჩვენი შემოთავაზება გულისხმობს შემდეგს – თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ, რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთერთ როლს და გადმოგიგზავნით “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს,” – აღნიშნული გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
12 მარტს ცნობილი გახდა, რომ “გირჩი” აუდიტის სამსახურისთვის დეკლარაციის გადაგზავნას არ აპირებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “გირჩის” განცხადებაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თანახმად კი, აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2 000 ლარით.