პარტია “გირჩი” “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ოპოზიციის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, ერთ-ერთ გადაცემაში ვაშაძემ თქვა, რომ პროპორციული არჩევნები ხელისუფლებას “ნაციონალურმა მოძრაობამ” “დაადებინა” და ამის გამო “გირჩი” მიიჩნევს, რომ ვაშაძესთან საუბარს აზრი არ აქვს.
„ეს გამოწვეულია მისი განცხადებიდან. გუშინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ამ ადამიანმა განაცხადა, თან არაერთხელ, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ დავადებინეთ ამ ხელისუფლებასო, კონკრეტულად “ნაციონალურმა მოძრაობამო”. ყველას დიდი მადლობაო, ახალგაზრდებსო, იმათ, ამათო, მაგრამ კონკრეტულად ეს საქმე ჩვენი გაკეთებულიაო. ჩვენი აზრით, ამ ადამიანთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს არის “გირჩის” პოზიცია, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს და გვაქვს კონსულტაციები ყველა პარტიასთან, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” არაერთ ლიდერთან და ვსაუბრობთ უამრავ მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის იმაზე, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა, როცა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანთან საუბარს აღარ ვაპირებთ და თუ ეს ადამიანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” აზრის გამხმოვანებელი შეხვედრებზე, ჩვენ იმ შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.