„გირჩი“ კაზინოებს სთავაზობს რეკლამა მათ ტელევიზიას შეუკვეთონ

პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ კაზინოებს სთავაზობს, რომ რეკლამები მათ ტელევიზიას შეუკვეთონ. აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას უკავშირდება, სადაც არხის ხელმძღვანელობამ გუშინ განაცხადა, რომ ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელზე აზარტული თამაშების რეკლამას აღარ გაუშვებენ.

„Crocobet, europebet, adjarabet.com, Crystalbet, Leaderbet

საყოველთაო witch-hunt-ის ფონზე, გთავაზობთ რეკლამა მოიტანოთ გირჩის ტელევიზიაში!

ეს არ არის „აზარტული თამაშები კარგია თუ ცუდია“ საკითხი.

ეს არის ადამიანის თავისუფლების საკითხი – აქვს თუ არა ადამიანს საკუთარი ცხოვრების თავის ნებაზე წარმართვის, გარისკვის და შეცდომის დაშვების უფლება.

ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი უფლების გარეშე, ადამიანი არის მონა.

ამაზე გადის ბრძოლის ხაზი. ამ ხაზზე აღმოჩნდით თქვენ, მოგწონთ ან გინდათ თუ არა ეს. თქვენი გადასაწყვეტია შეგეშინდებათ კოლექტივისტური ჟინით ანთებული, აგრესიული საზოგადოებრივი აზრის და სახელმწიფოს მსახვრალი ხელის, თუ დაიცავთ თავს და დაიცავთ თავისუფლებას!“ – წერია გირჩის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა, რომელიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბადეში აზარტული თამაშების რეკლამა აღარ იქნება.