ევროპული საქართველოს წევრის, გივი თარგამაძის მტკიცებით, მის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის უკან სოსო გოგაშვილი დგას.
საქმე ეხება ტერაქტს, რომელიც 2016 წლის 4 ოქტომბერს მოხდა. გივი თარგამაძის მკვლელობა მისი მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები.
თარგამაძის თქმით, ტერაქტამდე მასთან მივიდა გოგაშვილის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ გოგაშვილმა დაავალა ტყეში მისი უმოწყალოდ ცემა და იქ დატოვება, ამ ბრძანების ვერშესრულების შემდეგ კი, ანგარიშწორების შიშით, მან ქვეყანა დატოვა. თარგამაძე აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევა გამეორდა და მეორე თანამშრომელმაც არ შეასრულა დავალება.
,,ამით რომ ვერ გაჭრა, შემოიჭრა ჩემს პირად ცხოვრებაში და მოახდინა ბინძური კომპილაცია, ჩაუგდო ჩემს მეუღლეს რაღაც ჩინური ნომრიდან, რომ დაენგრია ჩემი ოჯახი”,- ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.
ამის შემდეგ, თარგამაძისვე განცხადებით, გოგაშვილი დარწმუნდა, რომ მისი ოჯახი ვერ დაანგრია და 5 დღეში ტერაქტი მოუწყო.
,,რომ დარწმუნდა, რომ ჩემი ოჯახი ეგრე მარტივად დასანგრევი არ იყო, 5 დღეში ჩემს მანქანას, რომელშიც მე ჯანდაბას, იმ დროისათვის ჩემი 13 და 9 წლის შვილები მგზავრობდნენ, ამოუდო ბომბი”,- განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ ბომბის ამომდებს დავალებად ჰქონდა მისი განადგურება, მიუხედავად იმისა, იჯდებოდა თუ არა ვინმე მის გარდა ავტომობილში.
ცნობისთვის, თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ დავით ხეჩუაშვილს 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.