გლდანში, კაზინოში 5 ადამიანის მოწამვლა, სავარაუდოდ, გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია – გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს 350 აბონენტს

გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება. შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები. უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა. საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა.

ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის. გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება“ , – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახენებთ,დღეს  გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.