პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიმართა, მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასმა სურდათ თუ შესვენება გამოეცხადებინა და „რომან გოცირიძის მიერ შალვა თადუმაძესთან წაგებული ხინკალი“ დაეგემოვნებინათ. აღნიშნულზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უპასუხა, რომ „იუმორი მისი ძლიერი მხარე არ არის“.
„ქალბატონო თინა, გნებავთ თქვენ დაიწყეთ, ბატონი რომანი არ არის. რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება, თადუმაძესთან წააგო და გარეთ ყველას გეპატიჟებათ. გნებავთ, ისარგებლოთ ფრაქციის დროით თუ შესვენება გამოვაცხადოთ?!“ – იკითხა ოხანაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავამ უპასუხა: „ბატონო ანრი, იუმორი რომ თქვენი ძლიერი მხარე არ არის. რატომ ცდილობთ, რომ მუდმივად გამომიყვანოთ ბატონი რომანის დამცველის როლში?! ჯერ დისციპლინარული ლექციები წაუკითხეთ და ვნახეთ, რომ თქვენი- უმრავლესობის წევრები არ დადიან თქვენივე კომიტეტის განხილვებზე. ახლა იძახით წააგოო. სინამდვილეში იცით, რომ მოიგო და ახლა ყველას გეპატიჟებათ, მათ შორის, ჟურნალისტებს და თქვენც, ბატონო ანრი“,- უპასუხა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, რომ თუ შალვა თადუმაძის კურსელები გამოეხმაურებოდნენ, სახინკლეში დაპატიჟებდა, ხოლო თუ ლექტორები, მაშინ მათ მთაწმინდაზე რესტორანში ეპატიჟებოდა. დღეს რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. ხინკალს წარწერა ჰქონდა – „თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან“. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები, ამიტომ, დაპირებული ხინკალი პარლამენტში მიიტანა.
{{VIDEO}}