გონიოში შტორმის დროს ზღვაში შესული მამაკაცი დაიხრჩო

გონიოში ზღვაში კაცი დაიხრჩო. ის ოთხბალიანი შტორმის მიუხედავად ზღვაში შევიდა.

მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და ზღვაზე დამსვენებლები გააფრთხილა, რომ ზღვაზე აღმართულია წითელი ალმები და ზღვასი შესვლა შტორმის გამო აკრძალულია. უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში“, – ნათქვამია განცხადებაში.