ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებას ფოტო-ვიდეო მასალით ეხმაურება.
“არ ჩერდებიან ოკუპანტები და ჩვენი ხელისუფლება ვერ აჩერებს მათ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ მოვახერხეთ ატოცში და ჩორჩანაში ბორდერიზაციის შეჩერება.
იგივეს გაკეთება შეგვიძლია გუგუტიანთკარშიც.
ამ ფოტოებზე კი კიდევ ერთხელ გავამახვილებ თქვენ ყურადღებას-ოკუპანტები გარდა იმისა რომ მშვიდად, კომფორტულად მუშაობენ ჩვენი მიწა-წყლის წართმევაზე, ისინი ამავე დროს შეუფერხებლად გადაადგილდებიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ასევე, მიმდინარეობს არამარტო ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ოკუპაცია, არამედ დამატებითი ტერიტორიების მიტაცება.
ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ, ბატონებო? თუ გგონიათ, ამაზე საუბრით ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარს უღიარებთ?
ამ ლოგიკით, გორი რომ შეღობონ, მაინც არ შეიმჩნევთ დამატებითი მიწების მიტაცების ფაქტს?”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები თავისუფლად გადაადგილდებიან. დღეს ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. გუგუტიანთკარში დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ.