არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გორის მერიამ წვეულებებში და სატელეფონო მომსახურებაში 139 ათას ლარამდე დახარჯა.
2018-2019 წლებში მერიამ 59,361 ლარი გადაიხადა წარმომადგენლობით ხარჯებში, საკომუნიკაციო მომსახურება კი 79,228 ლარი დაუჯდა.
ძირითადად თანხები წვეულებების მოწყობაში, სტუმრების მიღება-გამასპინძლებასა და სუვენირებზე იხარჯებოდა. 2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხები ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საჯარო მოხელეები კორპორაციული ნომრებით სარგებლობენ, რომელთა ტარიფიც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ ქსელთან ზარის განხორციელება და 30 წუთით საუბარი 5 თეთრი ღირს. შესაბამისად, ორ წელში დახარჯული თანხით მერია შეძლებდა 15,845 ზარის განხორციელებას და ყოველ სამუშაო დღეს 13 საათის განმავლობაში ტელეფონზე საუბარს.
გორის მერიამ 2 წლის განმავლობაში საკომუნიკაციო და წარმომადგენლობით ხარჯებისათვის საერთო ჯამში 138,589 ლარი დახარჯა, მაშინ, როცა:
- განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამაში – 94,500 ლარი;
- უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფაში – 117,000 ლარი;
- სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ფულად დახმარებაში – 0 ლარი.