გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა – ფაქტის გადაღებისას ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


გორთან ავტობანზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა. შემთხვევა მდინარე ლიახვის ხიდზე ღამის 3 საათზე მოხდაა.

Qartli.ge-ს ჟურნალისტს, რომელიც შემთხვევის ადგილთან ფოტო და ვიდეო მასალის გადასაღებად მივიდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

,,როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, ჩემსკენ წამოვიდნენ. ვცადე იმ ადგილამდე მისვლა, საიდანაც ხილვადობა კარგი იყო. ბორდიურსა და მანქანებს შორის მივდიოდი. თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი მკრა და ბეჭებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. ამის შემდეგ წამოვედი, ავტობანის მეორე მხარეს გადავედი გვირაბთან შემოვუარე და მეორე ხიდიდან დავიწყე გადაღება. მეორე ხიდზე ვეღარ მომიახლოვდებოდნენ. ხიდიდან ხიდზე ვერ გადმოხტებოდნენ. ” – აცხადებს ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

ერთ-ერთმა პოლიციელმა მობილური ტელეფონის წართმევაც სცადა. ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება შიდა ქართლის შს სამმართველოს თანამშრომლებმა არ მისცეს. ხელშეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის ამსახველი მასალა გენერალურ ინსპექციას წარედგინება.

მიუხედავად ხელშეშლისა და შეურაცხყოფისა, Qartli.ge-მ შეძლო იმ ავტომანქანის დაფიქსირება, რომელიც ავტობანზე ამოტრიალდა. სავარაუდოდ, ის მაღალჩინოსანს ეკუთვნის.

წყარო: qartli.ge