გრძელვადიან პერიოდში ლარი უნდა იყოს სტაბილური -გვენეტაძე ეროვნული ბანკის გეგმაზე

გრძელვადიან პერიოდში ლარი უნდა იყოს სტაბილური და ამავე დროს, ქვეყანას საკმარისი რეზერვი ჰქონდეს- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„უკვე აღვნიშნე და ადრეც აღმინიშნავს, რომ სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რისკპრემიუმის შემცირებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს.

რაც შეეხება პოლიტიკას, რომელსაც ეკონომიკური გუნდი ატარებს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია, იყოს რყევები. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ბალანსი, რომლითაც მიზანი, გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს, საკმარისი რეზერვი ჰქონდეს ქვეყანას, რათა პოტენციურ რისკებს გაუმკლავდეს, არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ეროვნული ბანკი“, – განაცხადა  გვენეტაძემ.

გვენეტაძემ 2018 წლის ანგარიშიც შეაფასა.

” 2018 წელს ინფლაცია მაჩვენებელის ქვემოთ შენარჩუნდა. გაუმჯობესდა საგარეო მაჩვენებლები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა. განსაკუთრებული წელი იყო რეზერვების დაგროვების თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არ არის ადეკვატური იმ მოთხოვნებთან, რა ზომაც აქვს საქართველოს ეკონომიკას. წელს დაიწყო ფაქტიურად აქტიური ფაზა არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის, რომელმაც ამ მიმართულებაში წესრიგი უნდა დაამყაროს და შეამციროს მოწყვლადობა. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო იმ საკითხების გამკლავება, რომელიც დიდი ხნის წინათ იყო დაგროვილი. ეს ეხება სამომხმარებლო სესხების ზრდას”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.