{{ARTICLEIMAGE}}
ონში 22 ნოემბერს დაჭრილი ნოდარ ბურდილაძის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, უზრუნველყოს მისი მკურნალობა, რადგან პაციენტს ისეთი მედიკამენტები გამოუწერეს, რაც “უკიდურესად ძვირია”, საქართველოში არ იყიდება და ოჯახს მისი შეძენის საშუალება არ აქვს. ღუდუშაურის კლინიკის ექიმი მარინა გელანტია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც იგი გუშინ ონიდან თბილისში გადმოიყვანეს.
“უმორჩილესი თხოვნა გვაქვს, დაეხმარეთ ოჯახს, რომელიც შესაძლოა, დარჩეს მამისა და მეუღლის გარეშე. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ და იცით, ჩვენი მდგომარეობა”,თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ნოემბერს, ონში მომხდარი კონფლიქტი, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ 1965 წელს დაბადებული ბრალდებული 22 ნოემბერს, ღამის საათებში მივიდა მეგობართან გასაღების გამოსართმევად. ბრალდებული ქუჩიდან ხმამაღლა ეძახდა მეგობარს. აღნიშნულ ხმაურზე იქვე მეზობლად მცხოვრებმა ნოდარ ბურდილაძემ საკუთარი სახლის აივნიდან გადმოიხედა და ხმაურის გამო შენიშვნა მისცა ბრალდებულს, რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული გაღიზიანდა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნოდარ ბურდილაძეს ბრალდებულმა კ.ი.-მ დანით ჭრილობა მიაყენა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დაზიანების ხარისხის და მიყენების მექანიზმის დასადგენად”, წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნოდარ ბურდილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კ.ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გრძელდება. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.