რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
თანამდებობის დატოვების მიზეზი კარასინის ასაკია. 23 აგვისტოს გრიგორი კარასინი 70 წლის გახდა. კანონის მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნა მას სწორედ 70 წლამდე შეეძლო.
გრიგორი კარასინი ჟენევის დისკუსიებში რუსეთის მხარეს წარმოადგენს.
ამასთანავე აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები წლების განმავლობაში. კარასინთან დიალოგში ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.
გრიგორი კარასინმა დიპლომატიური კარიერა 1972 წლიდან დაიწყო.საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილედ კი 2005 წელს დაინიშნა.
რუსული მედიის ინფორმაციით, კარასინის ადგილმონაცვლედ სამი კანდიდატურა განიხილება. მათ შორის არის ივან ვოლინკინი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.