“გრინჩმა კალაძემ მოიპარა დღესასწაული​” – საპროტესტო აქცია მერიასთან

სამოქალაქო აქტივისტებმა და გარე მოვაჭრეებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ გარემოვაჭრეებს, რომლებსაც თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლება არ მისცა და პარლამენტის წინ ვაჭრობა შესთავაზა, სადაც საპროტესტო კარვების დაშლის შემდეგ მერიამ ატრაქციონები და სავაჭრო დახლები დადგა. თუმცა, გარემოვაჭრეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობაზე პრინციპულად ამბობს უარს.

“გვეუბნებიან პარლამენტთან გადადითო, სადაც არ გადავალთ, იმიტომ რომ იქ მაჩალიკაშვილის ცოდვით ვერ დავდგებით, რამდენი ხანია ადამიანმა სამართალი ვერ იპოვა,” – აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი გიგა მაქარაშვილი კი, კახი კალაძეს, “გრინჩს” უწოდებს და ამბობს, რომ მან ადამიანებს დღესასწაული მოპარა.

“გრინჩმა კალაძემ, მოიპარა ეს დღესასწაული და ყველაზე მოწყვლად ჯგუფს – გარემოვაჭრეებს, ვისაც სახელმწიფომ ვერანაირი პირობა ვერ შეუქმნა, აუკრძალა ვაჭრობა. ახლა კი მანიპულირებს იმით, რომ შვილმოკლული მამის კარვის ადგილას გაშლილი დახლები უნდა შეავსოთო,”- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი ,გიგა მაქარაშვილი.