გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების ორი ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა

ოფიციალური ინფორმაციით, მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, დაახლოებით 3%-ით მომატებულია. ლაბორატორიულად დადასტურებულად წელს ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ  ორივე შემთხვევაში მიზეზი დაგვიანებული მიმართვიანობა გახდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის  განცხადებით, ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება.

“ყოველ ორშაბათს ვაჯამებთ ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის მონაცემებს და გვაქვს ინფორმაცია 2 მთავარი ინდიკატორის მიხედვით. ერთია ქვეყანაში გრიპის და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, რომელიც განისაზღვრება ჩვენი საყრდენი ბაზების მიხედვით და გვაძლევს ინფორმაციას სიტუაციური ანალიზისთვის, თუ როგორია მიმართვიანობა ქვეყანაში; მეორე არის ე.წ. მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. პირველი ინდიკატორის მიხედვით, აღვნიშნავდით, რომ დეკემბრის ბოლო 3 კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების მიმართვიანობის და ახალი შემთხვევების მიხედვით, იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, ასეც ვპროგნოზირებთ, მიმართვიანობა როგორც წესი, იკლებს. დღევანდელი ციფრი 100 ათას მოსახლეზე არის 191. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში გვქონდა 312, ახლა არის – 191, რომელიც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან, ასევე გასული წლის, 2019-ის პირველ კვირასთან მიმართებაში. ასე რომ, სიტუაცია უფრო სიმშვიდისკენ მიდის. მეორე ინდიკატორი, მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, არის ოდნავ, დაახლოებით 3%-ით მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19%, ახლა არის 22%. ანუ, ჰოსპიტალიზაციის წილი მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით მომატებულია, თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.