{{ARTICLEIMAGE}}
გორში ვირუსული ინფექციით დღეს 25 წლის ქალი გარდაიცვალა. ის გორმედის ცენტრალურ კლინიკაში პარასკევს მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებაც აღენიშნებოდა.
სავარაუდოდ ასევე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 83 წლის მოხუცი გურიაში. ექიმების თქმით, პაციენტს, რომელმაც საავადმყოფოს 2 იანვარს მიმართა, თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა.
ვირუსული ინფექციების გამო რთული ვითარებაა თბილისის კლინიკებშიც. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ამ დროისთვის 78 პაციენტი იმყოფება, აქედან H1N1 ტიპის ვირუსი 46 შემთხვევაში დადასტურდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე მიმართვიანობა სტაბილურად მაღალია, თუმცა ივანე ჩხაიძე ვარაუდობს, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი კლებას დაიწყებს. თებერვლიდან კი გრიპის შემთხვევების მეორე პიკს ელოდებიან.
მძიმე ვითარებაა ქირურგიის ეროვნულ ცენტრშიც, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობამ კატასტროფულად მოიმატა. კლინიკაში ამბობენ, რომ ძირითადად მძიმე პაციენტები მიმართავენ. მათ შორის დაახლოებით 50-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
გრიპის ვირუსის გამო ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინია გამოცხადებული. მნახველებს არც მცხეთის და რუსთავის რამდენიმე კლინიკაში უშვებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ე.წ ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა დაფიქსირდა.











