გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია

{{ARTICLEIMAGE}}
გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობის კურსს.

როგორც ცნობილია, ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. სააფთიაქო ქსელებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს ექიმის დანიშნულებით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მათ ანტივირუსული მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანილი ახალი მარაგიდან მიიღეს. 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა. დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.

ყველა პირი პრეპარატ “ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) იქნება ხელმისაწვდომი.

ანტივირუსული მედიკამენტის ქვეყნის ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაცემის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ეკუთვნის.