‘გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე” – გოგიჩაიშვილი

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აუცილებლად მიიჩნევს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღება სახელმწიფოს პროცესების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს.

„ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პანიკა, რომელიც არანაკლებ პრობლემებს იწვევს, ვიდრე კორონავირუსი. ვფიქრობ, იმ ზიანს, რაც ამ მოცემულობას ეკონომიკისთვის მოაქვს, ქვეყანა ისედაც იღებს. იმისთვის, რომ პროცესების მართვა უფრო მეტად შევძლოთ, არ არის აუცილებელი რაღაც გადაწყვეტილება გადავდოთ. მე გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. იმ ზარალს, რასაც ეკონომიკა მიიღებს, ეს პანიკა მაინც გამოიწვევს. გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, პირველ რიგში, ჩავაცხრობთ პანიკას. მეორე რიგში, გამოვავლენთ პრობლემებს და სახელმწიფოს ექნება ლეგალური შესაძლებლობა, რომ მართოს პროცესი როგორც ვირუსის აღმოფხვრის, ისე პანიკის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.