გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა ის აქამდე გუგუტიანთკარში.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ პროცესებში, ჩვენ რაც გვევალება – საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია. ჩემთვის მთავარია იმ დავალების შესრულება, რაც მე გამაჩნია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მომხდარიყო ინფორმირება საერთაშორისო თანამეგობრობის. მე ოთხი დღის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი, დღეს დავბრუნდი დედაქალაქში, თუმცა მთელი აპარატი იყო მობილიზებული და ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავი ჩართული სატელეფონო რეჟიმში, როგორც საელჩოებთან, ისე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მე იქ ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გუგუტიანთკარში ვითარება დაზაბულია გუშინ დილიდან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი განაახლეს. მცოცავი ოკუპაციის შედეგად ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი. ოკუპანტებმა ოჯახებს ტერიტორიის დატოვების 3-დღიანი ვადა მისცეს.