გუგუტიანთკარში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, ევროპარლამენტის დეპუტატი მარკეტს გრეგოროვა და ფონდ “თავისუფალი რუსეთი” წარმომადგენელი, იგორ კუროპტევი ჩავიდნენ. ისინი შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. კუროპტევი, რომელიც ანტიპუტინური განცხადებებით გამოირჩევა ამბობს, რომ რცხვენია, რადგან იმყოფება საქართველოში რუსული პასპორტით, მისი ქვეყნის ჯარისკაცები კი საქართველოს ტერიტროიას იტაცებენ.
“თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებულ მონოლოგსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პუტინი მსგავს შეფასებას იმსახურებდა.
„ჩემი აზრით, ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. მე ძალიან არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა აქ ხდება და იმას, თუ როგორ ექცევიან ხალხს, რომელთა ბაღების და ზოგიერთი სახლის უკან ღობეები დამონტაჟდა. ახლა ისინი იძულებული არიან, სხვაგან გადავიდნენ. მე როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანისთვის მთავრობა შეიძენს სახლებს, თუმცა ეს ქმედება რჩება რუსული აგრესიის აქტად. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში, – თავდაცვისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებში. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა და როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ”, – განაცხადა მარკტ გრეგოროვამ.