გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს მოგმართავთ, თქვენ ხომ შვილების პატრონები ხართ? 7 წლის შვილი ახლა სახლში მშიერი მყავს, – ლევან ჯიქურის მეუღლემ, მარიამ სარქისიანმა ჟურნალისტებთან სასამართლოში განაცხადა.
დღეს ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.
სარქისიანის თქმით, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ასევე აღნიშნავს რომ მისი ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება.
“კაცი ცუდად არის, კვდება, ეტლში ზის და სად უნდა გაიქცეს, რომ არ უშვებენ? ცნობები მაქვს, სადაც წერია, რომ პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ვაპირებ, საელჩოებში მისვლას და ჩემი მდგომარეობის თქმას, ბევრ აქტიურობას ვაპირებ, მაგრამ თავს ვიკავებ, რომ არავინ გავაღიზიანო. გირაოს სახით ბინას ვდებ, 15 კვადრატში ვცხოვრობ და იმას ვდებ, რომ გამოუშვან. ეტლში ზის, მეტი რაღა უნდათ, რომ არ ითვალისწინებენ? გული გაქვთ? გახარიას, ბიძინას, ყველას მოგმართავთ, თქვენ ხომ შვილების პატრონები ხართ, გაითვალისწინეთ. არ არსებობს ერთი ადამიანიც, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩემ ოჯახურ მდგომარეობას და ჩემ ქმარს გამოუშვებს? არ არსებობს ერთი ადამიანი მთავრობაში, ვინც გვერდით დამიდგება? 7 წლის შვილი ახლა სახლში მშიერი მყავს. სრულიად მარტო ვარ!”, – განაცხადა სარქისიანმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 6 პირს – ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე ცოტნიაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილს და ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.