გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, მას სხეულის 60%-ზე აქვს დამწვრობა მიღებული, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები და ამ დროისთვის კი ინტენსიური ანტიშოკური მკურნალობა უტარდება. ექიმები პროგნოზებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
“მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. გონზეა პაციენტი, სასუნთქი გზების დაზიანება აქვს გარკვეული ხარისხით, მაგრამ ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე არ არის,” – აცხადებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, გიორგი დავლიანიძე.
ახლობლების ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი მარტო ცხოვრობდა, აფეთქების შემდეგ ის სამაშველო სამსახურს თავად დაუკავშირდა. აფეთქება გურამიშვილის გამზირზე წინასწარი ინფორმაციით მეოთხე სართულზე, ერთოთახიან ბინაში კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.