გურიაში, სოფელ კონჭათში ბოლო ათი დღის განმავლობაში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი არაერთხელ იმსხვერპლა. შინაური ცხოველების გატაცების გარდა მგლების ადამიანზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევაც მოხდა. სოფელ კონჭათის მოსახლეობა ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში მგელი დასახლებულ ტერიტორიებთან ახლოს მიდის და პირუტყვზე თავდასხმის ფაქტებიც გახშირდა.
ბოლო 10 დღის განმავლობაში, გურიაში მონადირეთა ჯგუფმა სამი მგელი მოკლა. გარეული მტაცებლის თავდასხმას უკვე წლებია ადგილობრივები ამ ხერხით ებრძვიან. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მტაცებლები განსაკუთრებით მომრავლდნენ.
სპეციალისტები ეჭვობენ, რომ გარეულ ცხოველებში მომატებული აგრესია შესაძლოა სხვადასხვა დაავადებით იყოს გამოწვეული. შემოწმება უკვე დაწყებული აქვთ ვეტერინარებს და ცოფის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.
მტაცებელის მოკვლას კანონმდებლობა არეგულირებს. არსებული საფრთხეების გამო მონადირეები სახელმწიფოსგან ლიცენზიების გაცემის გამარტივებას მოითხოვენ, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაა.