“გურიის მოამბის რედაქტორის მუქარის ფაქტზე ერთი პირი ვამხილეთ” – შსს

გურიის პოლიციამ გურიის მოამბის რედაქტორის, თეა იოსელიანის მიმართ მუქარის საქმეზე ერთი პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს. ბრალდება ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი ფეისბუქის მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო გურიის მოამბის რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

“პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა”,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

9 სექტემბერს გურიის მოამბის რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. თეა იოსელიანი მიღებულ შეტყობინებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.