20 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით გუშინ დაკავებულ აქციის სამ მონაწილეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, აღნიშნული პირები სხვადასხვა საგნის გამოყენებით პოლიციელებზე თავდასხმას ახორციელებდნენ , უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
„1974 წელს დაბადებული ც.ც., რომელიც თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1994 წელს დაბადებული ს.ბ., რომელმაც სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში. 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ., რომელიც სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამ ეტაპზე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში სულ 12 პირია მიცემული.