გუშინ დავით ბერძენიშვილს მე გადავეფარე – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციის დროს დავით ბერძენიშვილს გადაეფარა და დაიცვა.

„ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ დავით ბერძენიშვილის დაცვა მომიწევდა. მე გადავეფარე ამ პროვოკატორს. ბერძენიშვილი ინაურის დროინდელი სტაჟიანი უშიშროების აგენტია და კარგად იცის სად მოაწყოს პროვოკაცია. როცა აღელვებულ ადამიანებში შემოდიხარ, წინასწარ იცი, ამას რა მოჰყვება. საბედნიეროდ, მე გადავეფარე ბერძენიშვილს. ამის გამო შეიძლება ბევრმა განმკიცხოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ რამე ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო. ერთი პანღური მოხვდა და კარგია, ცოტა გამოაფხიზლებს ეს პანღური, – განაცხადა ბრეგაძემ.

გუშინ „ამირანთან „რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.