გუშინდელ აქციასთან რა შუაში იყო ოკუპაცია ვერავინ გაიგო -მამუკა მდინარაძე

გუშინდელ აქციასთან რა შუაში იყო ოკუპაცია ვერავინ გაიგო –ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  მამუკა მდინარაძემ 20 სექტემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გუშინ ბევრი ადამიანი ამბობდა და შეიძლება, დავეთანხმო კიდეც – რა შუაში იყო ოკუპაცია გუშინ ვერავინ გაიგო, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებისთვის იყენებენ ეს ადამიანები ამას, სამწუხაროდ, რაღაც თამაშს დაემსგავსა იმ წესებით, რომელიც რეალობასთან შეხებაში არ არის. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ, თუნდაც ერთი ადამიანისაგან პროტესტს და კრიტიკას, თუ მას რამე საფუძველი გააჩნია, მაგრამ როდესაც მოგონილი და აბსოლუტურად ტყუილი ბრალდებებით ხდება რაღაცის გაპროტესტება, ბუნებრივია, ეს საზოგადოების აღქმაშიც არ ჩანს კარგად. მათი მრჩეველი ვერ ვიქნები, მაგრამ ამ საყოველთაო ე.წ. მობილიზაციის ფონზე, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ არ გააჩნიათ რესურსი, ტყუილები ბოლომდე გაიტანონ საზოგადოებაში. ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს არავის უნდა ჰქონდეს და ჩვენი მხრივ პასუხისმგებლობასაც ვიღებთ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით“, – განაცხადა  მდინარაძემ.