გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს. 

დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ იმ  მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ის პროცესიდან გააძევეს.  

“მე ვუთხარი, რომ შეუძლია ყოველდღე ნიშნოს სხდომები, არის დღეები, როცა ვერ მივალ და შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იაროს პროკურორთან ერთად. ბოლოს ხელიხელჩაკიდებულები სადამდე მივლენ ის და პროკურორი, მაგას განახებთ

ყველა სხდომა ორშაბათს ჩანიშნა. დაახლოებით, ათი სხდომის ჩანიშვნას აპირებს იანვარში. ეს კაცი ამ პროცესის ორ-სამ თვეში მორჩენას აპირებს, გასაგებია რითი. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მოსამართლე. ეს არის მოსამართლე, რომელიც იხილავს თიბისის საქმეს. და ჩემი სახელით და მამუკა ხაზარაძის და დანარჩენი ადამიანების, ვის ციხეში ჩასმასაც აპირებს, რომ ციხეში მოხვდება ის, გიორგი არევაძე და ხელიხელჩაკიდებული ჩაჯდება კამერაში იმ პროკურორთან ერთად, რომელიც აქ ზის და თიბისის საქმეზე უზის საპროკურორო სკამზე”-აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო.

გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას,ბრალად ედება ფულის გათეთრებაც.

11 აგვისტოს გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.