„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალის დადგენილება დახია.
გვარამიამ პროკურატურის ეზოში ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია. მისი განცხადებით, ბრალში არ დევს ის ეპიზოდი, რომელზეც დღეს პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
„ეს ბრალი არის კონტრაქტის დადებაზე, ეს არის კატასტროფული სამარცხვინობა. ერთგვერდიანი ბრალი მაქვს, რატომ დადო კონტრაქტი დირექტორმა. წარმოდგენილი გაქვთ, რას აკეთებს საერთოდ და რას იხილავს საქართველოს პროკურატურა და როგორ ასაბუთებს, რაც მთავარია, ვერც კერავს საქმეებს. ეს სამარცხვინო საქციელი იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი. ამ იდიოტიზმს არ წავიკითხავ, ეს არის სამარცხვინო. ეს არის კატასტროფა და რაც გულუაშვილმა გააკეთა, ტყუილი ფაქტების და ჭორაობის, აბსოლუტურად ტყუილად ბრალში არ მყოფი ეპიზოდის ბრიფინგზე მოყოლა დაუჯდება პატიმრობად, აუცილებლად. ყველა ვინც ამ საშინელებებს აკეთებს, ჩაჯდება ციხეში. აი, ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება გარიგებით გაეთრეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ ეს ნაგლეჯები, იმისთვის რომ პოლიტიკურ პატიმრებს იჭერენ და ასრულებენ უკანონო დავალებებს, უკანონო დავალების შემსრულებელი ყველა პროკურორი, გამომძიებელი ყველა მოხვდება ციხეში. არ ვაპატიებ არავის საქართველოში პუტინის სტილით პოლიტიკური პატიმრების გაჩენას“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.