თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ – ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.
სხდომის მოსამართლე გიორგი კერატიშვილი იქნება.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 80 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.