გვაწუხებს პოლიტიკოსების დაკავება და პროპორციული სისტემის ჩავარდნა- ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდის თქმით, აწუხებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება და პროპორციული სააარჩევნო სისტემის ჩავარდნა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ უჭერს.

„ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ლიბერალურ და ჩართულობის მქონე დემოკრატიულ პროცესს შექმნიდა. ეს არ მოხდა და ამას ჩვენ განვიცდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ ვუჭერთ,“ – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი ,,ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, შესაძლოა ჯერჯერობით არ არსებობს საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიულ კლუბებში გაწევრიანების შეთავაზება, თუმცა ქვეყანას საკუთარი თავისთვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს.

„მიმდინარე მოვლენები იმას გვაჩვენებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს მიზნები და არ დაკარგოს წინსვლის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტულ შედეგს ვერ იღებდე. შეიძლება არ არსებობდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ კლუბებში გაწევრიანების კონკრეტული შემოთავაზება, რაც სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი სავარაუდოდ, ასე დარჩება. მაგრამ ქვეყანა უნდა გარდაიქმნას საკუთარი თავისთვის. უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს და მათ აფიქრებინებს, რომ აქაც ისე თანასწორუფლებიანად მოექცევიან, როგორც სხვა სანდო ქვეყანაში”,- აცხადებს კალიულაიდი.

ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პარტნიორებისგან მიღებულ ძალიან ბევრ რეკომენდაციას სერიოზულად მოეპყრან და გაითვალისწინონ.

პრეზიდენტმა კალიულაიდმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია ოკუპაციის დასასრულებლად, რუსეთს ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ ვიცით რასაც აკეთებს.